« Dum spiro, spero »

                                                

* * *

-Vous êtes qui, monsieur ?[1]

-Ich… Ich weiß es nicht…[2]

* * *

     მოკოჟრილი ოთახის ბოლოში ერთი პატარა კარია, ხმაურიანი, მრავალჯერ შეკეთებული. კართან ახლოს წიგნის თაროზე კი ჩამოლაგებულან ზიდჰარტა გაუტამა, ჰარი ჰალერი, დორიან გრეი და სხვანი. ოდნავ მოშორებით, მაგიდაზე, ვისკის ბოთლი დაუცლია ვიღაცას, თუმცა კი ჭიქა არსად ჩანს. საწოლთან ნაფლეთებად ქცეული ფურცლების დასტა ყრია. სადაა ნეტავ მათი მფლობელი?!

-აქ ვარ!- ისმის ხმა უკუნიდან, რადგან არავინ იცის სად მილეულა ამ ხმის პატრონი...

     ოთახის გამოსასვლელში გათეთრებული კედელია, ოდესღაც მრავალი ფერით მოხატული, ახლა კი გადაფხეკილი, თანაც ისე, რომ უწინდელი სურათის მცირეოდენი კვალი თუ მიგანიშნებს მის უკვე წაშლილ ისტორიაზე. ეჰ, ვინ უწყის... ვის სწადია, რომ იცოდეს…

* * *

-დე... სად ხარ, სად? დამელაპარაკე-მეთქი, დე... დე.... mentia, mentia… წყეულიმც იყავ, გონებავ! როგორ ვერ იხსენებ ამ სიტყვის მნიშვნელობას!..

     ცარიელია. დაღალულია ან წასულია… წარსულია…

* * *

- ხომ არ დაგეხმაროთ, ბატონო?

- ამერია, ყველაფერი ამერია...

- რა აგერიათ, ბატონო?

- რა ამერია... რა ამერია...გზა ალბათ...

-მიგიყვანთ შინამდე, ნუ დარდობთ.

* * *

     ერთ წერტილს მისჩერებოდა კაცი. წითელი მონასმი ჩარჩენოდა რაღაცნაირად გულში. შეჭმუხნული სახით მიუახლოვდა, თითი გაუსვა საღებავშემხმარ ადგილს.... თვალები დახუჭა, მარილიანი სუნი შეიგრძნო.

უცებ მოსწყდა კედელს; გულს ხავსი გადაეხადა თითქოს. საიქიოს მომლოდინე ციცინათელებმა ააგიზგიზეს გონებისკენ მიმავალი გზა. ნუთუ გაცხადდა?!..

-გამიხსენა! - გაიფიქრა უცებ კედელმა და აფერადდა.

- „Dum spiro, spero!” - თითქოს ელვასავით დაჰკრა უწინ წიგნში ამოკითხულმა ფრაზამ კაცს. თვალებიდან მდინარე „გულის ფოსტალიონებმა“ დაადასტურეს განცდილი...


13.10.2024

[1] თქვენ ვინ ხართ, ბატონო?(ფრ.)

[2] მე... მე ეს არ ვიცი...(გერმ.)

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე