მე ვარ ხე

მე ვარ ხე,


ხან ფოთლიანი და ნაზი, ხანაც კი წიწვებივით მწარე, მაგრამ უცვლელი...

გავყურებ სხვებს და მაინც ვერ ვხვდები, ნუთუ მინდოდა აქ ყოფნა, ამ ადგილას?!

იქნებ განგებამ განგებ დამიტოვა უსასოო განგება განსაგებად?!

როგორ განვაგო როცა ერთ ადგილას ვდგავარ, ვიცვლები, მაგრამ ვერ ვაღწევ იმას, რაც მწადია...

თუმცა რა მწადია, განა ვიცი?!

ფოთლებით ავსება გაზაფხულის სუნნელებაში მოცულს, თუ ზამთარში თოვლით დამძიმება წიწვების ბალნით დასიცხულს?!

ერთი კი ცხადია მაინც, არ ვარ შემოსაზღვრული, რადგან ჩემი ფესვები შორს აღწევენ და მაუწყებენ სხვათა ნააზრევს

და ვსდევ მეც მათ, ზოგჯერ უნებურადაც კი, რადგან ჯერ არ მაქვს საკმარისი საძირკველი ჩემი გზის გასაკვალად...

განა როდის მექნება სული, სიცოცხლის ჩამბერავი, რომელიც თავადაც მორწყავს საკუთარი ქერქის ბაღს.

ანდაც ქერქი რა საჭიროა, ის ხომ მხოლოდ სარკეა იმისა, თუ რისი დანახვაც არ მსურს,

იმისა, რასაც მე არ წარმოვადგენ, თუმცა კი ვიბრალებ...

ოჰ, დედაბუნებავ, რა სასტიკი ხარ ზოგჯერ,

შენსა შვილთ მიგვიჩენ ადგილს, მაგრამ არ გვაძლევ გასაღებს, რომლის ძიებაშიც ვლევთ ყველანი სულს.

რას კი არ ვიხმართ, რომ ვბრძანებდეთ ეულს,

ვებრძოდეთ წყეულს ჩვენსა განგებას.

რას ვაღწევთ?! ან კი ვაღწევთ რომ იმ მიზანს, შორს „მაჭვრიტალს“, რომლის თვალშიც ჯამბაზებს დავმსგავსებივართ?!

ნეტავ როდის მოგვშორდება „უცნობობის“ იარლიყი...

გავთეთრდებით და მხოლოდ მაშინ ვჩნდებით სხვათა თვალში,

რადგანაც მწვანე ყველას ჩვეულებად მიუჩნევია...

ნეტავ იცოდნენ იმ ჩვენი სიმწვანის შესანარჩუნებლად რამდენსა ვიღწვით...

თურმე ამაოდ, რადგან არა ჰქონია ფასი ჩვენსა რეალურ სახეს, რომლის არსებობა არაა მხოლოდ წადილის საკითხი...

და ვდგავართ ზოგჯერ კლდის პირას, თითქოს სიცოცხლის დასასრული გვსურდეს.

აჰა, ახლა კი გიკვირთ ჩვენი სულის სიმტკიცე?!

სად იყავ მაყურებელო მანამდე?!

 სად იყავ მაშინ, როცა ფოთლებდაყრილს მეთოშებოდა ხელები,

ან მაშინ, როდესაც ვკრთოდი მზისა შემხედვარე, რადგან წყლისა რუ არსად მეგულებოდა?!

არა... არა... შენ მხოლოდ ჩემსა შვენებას ხედავ (ან არც მაგას)

ჩემი სინაზე და სიფაქიზე კი თვალსაწიერს მიღმა გრჩება...

შენ კი რას გეუბნები, ზოგჯერ ჩემთა ახლობელთ ფესვებიც მე მბოჭავენ იქამდის, სანამ მათსა საწადელ გზას არ ავირჩევ...

შენ რაღა გითხრა, როცა თავად მეც კი ამირჩევია არასწორი ტოტი გასაზრდელად...

მიმიცია საზრდო იმისათვის, რომელიც, ვიცოდი, დამპალ ნაყოფს გამოიღებდა...

და მაინც ვცდილობ, ვებრძვი, არ ვიცი შენ, მაყურებელო, თუ საკუთარ თავს...

ან კი რა აზრი აქვს, განა ერთნი არ ვართ ზოგჯერ ყველანი?!...

განა თუ გავიზრდები ისე, როგორც შემშვენის,

ან კი მივაღწევ მწვერვალს, რომელსაც ვედრები?!..

ვნახოთ... მე ხომ უბრალოდ ხე ვარ...

ხან ფოთლიანი, ხანაც კი წიწვოვანი, რომელიც ეძებს ნავსაყუდელს...

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...