ღამის უაზრო ფიქრები...

 ერთი ციდა არსებები ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში და მაინც როგორ შეგვიძლია ჩვენი კვალის დატოვება...

გონებაც დედამიწასავით ბრუნავს და ყოველ ჯერზე ატრიალებს განვლილ პერიოდს იმის შესახსენებლად თუ რა გვქონდა და რა არ გვაქვს ამჟამად. რა სისასტიკეა, არა?!

და მაინც, ჩვენც ვემონებით წარსულს და მივტირით, მაგრამ განა აწმყო არაა მშობელი იმ დროისა, რომელსაც ახლა ნამყო ჰქვია?!

მივდივართ ყველანი და არ ვიცით სად; ბუნება გვიბიძგებს, ღმერთი თუ განგება, ვინ იცის, ან იქნებ ყველა ერთია...

გვწადია სიცხადით ავსება, მაგრამ მაინც ოცნებებში ვბორგავთ და დავძრწით, იქნებ რამე გამოვქექოთ...

ეჰ, სადაა მთები და სად ჩვენ, მხოლოდ დუმილის უნარით რომ ვგავართ ერთმანეთს და მაინც ერთად რომ აღვიქმებით.

მიფრინავენ თოლიები და მათ მივყვებით, დაცურავენ თევზები და ჩვენც ვიძირებით მათს დევნაში...

ნეტავ რა გვწადია?! განმარტოება თუ დევნა ვისიმე?! ისედაც მუდამ დევნასა და დაწევაში არ ვართ, ოღონდ ვინმეს არ ჩამოვრჩეთ და...

დაუწნია ვიღაცას ყვავილების გვირგვინი და უკურთხებია თავი დედაბუნების დედოფლად, მაგრამ განა კლავს დედოფალი თავისავე ნაშიერს, თანაც მისი სილამაზით დამტკბარს?!

და მაინც, მივრბივართ შორს, თვალსაწიერს მიღმა და არ ვიცით რა გვინდა- სამუდამო გადაკარგვა ფიქრებში თუ პირიქით ხმაურში ტრიალი... განა ორივე ერთნაირად საშიში არაა?!

თავისუფლები ვართ, მაგრამ მაინც ჩაკეტილები გალიაში, სადაც საკვებიც კი გვაკლია სულისა, რადგან ისიც შენით უნდა ეძიო, პოვნა კი ყოველთვის რთულია...

მივდივართ მაინც, მივდევთ ბედისწერას, ასე დაგვირქმევია სახელი ჩვენი არჩევანისათვის, რომელსაც ყოველ დილით ვაკეთებთ.

ხან ქარი წამოგვეწევა, ხანაც მზე გაგვინათებს გზას, წვიმაც გადმოყრის ზოგჯერ ცრემლებს, მაგრამ ჩვენ სად ვართ ამ დროს, განა მათ არ ვემალებით, ამ ყოვლისმცოდნე მასწავლებლებს?!

არ გვინდა დახმარება თითქოს, არც თბილი ტანისამოსი, რომელიც მეგზურად გვეყოლება.

გვინდა მხოლოდ უცნობი სიმწვანე, სადაც ბედნიერებისგან სირბილი მოგინდება, თუმცა სადაც გაიაზრებ, რომ შენი ცხოვრება ცარიელია, ან იქნებ ასეც უნდა იყოს?!

და მაინც, რა კვალს ვტოვებთ ამქვეყნად თუკი ყველა ესწრაფვის გადაკარგვას და საკუთარ სამყაროში ჩაძირვას?!

განა ვინ თქვა, რომ ყველა აღწევს წადილს; განა ვინ თქვა, რომ ყველას შეუძლია გახდეს ყვავილი ლამაზად შემომცინარი ან გარდაიქცეს უხილავ სვეტად მრავალ სხვა "მცხუნვარე" სვეტს შორის?!

ვართ ასე შემომზირალნი ყველანი, მომლოდინე იმისა, რომ ვინმე მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს სანატრელს, სიმამაცე კი აგვიანებს, არც კარზე არ აკაკუნებს...

და ვრჩებით ერთმანეთის შემყურენი და მაცქირალნი თუ როდის მოვა მზე, როდის დაგვადგმევინებს მთა მის მიწაზე ფეხს თავისით, ჩვენი თქმის გარეშე...

ნუთუ ასეც ხდება?! ნეტავ...

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე