მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული

 

          ტყუილად კი არ თქმულა ბრძენთა მიერ, რომ ადამიანი ბუნების ნაწილია, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზმი, რომელიც ასევე იბრძვის არსებობისათვის. განა ისიც ტყულია, რომ როდესაც გარემოს სილამაზის აღქმა იკარგება შენში, იკარგები შენც?!..

          ***

-- წადი, მირა, საჭმელი მოამზადე-- უთხრა მამამ ქალიშვილს და გოგოც მსწრაფლ გაეშურა დავალებულის შესასრულებლად. საქმეების კეთებისაგან ძალაგამოცლილი მირა ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ მოხუცის „ბრძანებულს“ როგორ აარიდებდა თავს...

          ცოტა ხნის შემდეგ ცხელი წვნიანი მოუტანა ეტლში მჯდომს. კოვზით ამოუღო, შეუბერა სული, მიართვა, მაგრამ არ მოეწონა მამილოს...

-- ეს რა გიქნია?! გულისამრევია, არ იჭმევა! -- დაიყვირა კაცმა.

გაცხარებულმა მირამ აიღო ჯამი მამის კალთიდან, კოვზიც შიგ წვნიანში ჩარგო მთელი ძალით და მხოლოდ ის მოახერხა, ცრემლნარევი სახე ეჩვენებინა კაცისთვის და გაცლოდა იქაურობას.

***

           უკვე ორი წელი გასულიყო და არანაირი ცვლილება არ შეიმჩნეოდა : ფიზიკური ტკივილებით შეწუხებული მამა ებრძოდა საიქიოსაკენ მიმათრეველ ძალას, ქალიშვილი კი მშობლის ამ ტკივილისადმი გამოხატული უკვე ჩვეული რეაქციებით ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცდილობდა ეპოვა ძალა ყოველი მომავალი დღის შესაგებებლად... ერთ დროს მირაში არსებული წყურვილი, რომელიც მას ცხოვრებისადმი გააჩნდა, სადღაც მიკარგულიყო ოთახის პატარა კუნჭულში, სადაც მას შავი აჩრდილი არ აძლევდა გამოსვლის საშუალებას.

          ***

-- გტკივა? – - მხოლოდ ამ სიტყვის თქმაღა მოახერხა დასევნდიანებულმა მირამ.

-- არა იმდენად, რამდენადაც შენთვის ამდენი ხნის განმავლობაში ნათქვამი სიტყვები... -- კაცი გაღიმებას ცდილობდა, მაგრამ მისი ჩავარდნილი ყვრიმალები ამას უკვე ვეღარ აუდიოდა. დრო ილეოდა, სათქმელი კი ბევრი იყო...

          ***

          მამის გარდაცვალების შემდგომ მირა ხშირად იყურებოდა ფანჯრიდან, საიდანაც ორი ხე ჩანდა. ერთ-ერთი მათგანი, გაყავისფრებულფოთლებიანი, ისე ცუდად წამოზრდილიყო, რომ მეორის ტოტებში შეჭრას ლამობდა; ვერც თვითონ „სუნთქავდა“ და არც მის გვერდზე მყოფს აძლევდა აღმასვლის  საშუალებას...

          სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამეზობლომ შესაბამის სამსახურებს მიმართა ამ პრობლემის გადასაჭრელად და ხე, რომელიც უკან ჰხევდა ყველას, მოჭრილ იქნა...

 

          ***

          გაზაფხული მოვიდა, სურნელებათა ნაზავის მომტანი.

          სახლში ყოფნისას იღიმოდა მირა; მზის შემხედვარეც იღიმოდა იგი; მეგობრებთან სეირნობისასაც მომცინარე სახე არ შორდებოდა ლამაზმანს.

          მაგრამ... არსებობდა ის წამებიც, როცა მოსაბეზრებელი ხდებოდა ყოველივე. იყო წუთებიც, როცა სიჩუმის „ყრუ ხმაური“ ზეიმობდა თავის გამარჯვებას. საათებიც გადიოდა ფიქრებში და დღეებიც ილეოდა ჩაბნელებული ოთახიდან გამოუსვლელად...

განა თავისუფალი იყო მირა ყოველდღიური ტანჯვისაგან თუ თავად თავისუფლება გამხდარიყო მისი დარდის მომგვრელი?!

ვინ უწყის...

და მაინც, ეს ყოფილიყო სიყვარულის ტრაგედია; ისეთი სიყვარულისა, რომელმაც არ იცის დავიწყება; ისეთი გრძნობისა, რომლის აღმატებულობა, მაშინაც კი როცა შიგნით რაღაც ფერმკრთალდება, ფარავს ყოველგვარ სევდას და კაკტუსის ნაცვლად ლამაზ ტიტებს ამოიყვანს ხოლმე ნებისმიერის გულში, რადგან კვდომა სიცოცხლის საწყისთან დაახლოებაა, სიცოცხლე კი სიკვდილი.

და მოდის გაზაფხული, მაშინაც კი, როცა არ გვეგაზაფხულება... მოდის და თანაც მოაქვს ნოსტალგია წარსულის იმ მერცხლებისა, რომელთა წინა ცხოვრებასაც გაუვლია ჩვენ თვალწინ...

15.06.2024

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე