Did you know that your brain is active for 7 minutes after you die?

                                                             ***

          სითეთრე... სიცარიელე... თითქოს საავადმყოფოს პალატაში გაისმა სამუდამო მდუმარების ერთხაზიანი წუილი... და უცებ...

          პატარა ნეკროსი გარეთ თამაშობს. მისი მეგობრები მზეს ეფიცხებიან და დასცინიან მარტო მოთამაშე ბიჭუნას. მათ ხითხითს მოუცავს მთელი მდელო. ბავშვობის სუნი მოაქვს მათ აღუწერლად სასიამოვნო გულითად გართობას, საცაა შენც მიხვიდე და მათთან ერთად განაგრძო ცხოვრებით ტკბობა. ნეკროსი მეგობრების გასამხიარულებლად უფრო მეტად იწყებს სახის მანჭვას, ხელების უაზროდ ტრიალს. მისთვის ბედნიერება სწორედ ესაა- სინათლის სხივის შობა თანამოძმეების გულში. საცაა ახტება ნეკროსი, რათა მისი საბოლოო ილეთი გამოიყენოს, რომ უცებ...

ცურავს ნეკროსი. გრილი საღამოა, მაგრამ მზე ჯერ არაა ჩასული. მამის სიკვდილით დანაღვლიანებულ ჭაბუკს სურს ზღვის მორევს გაჰყვეს, გადაიქცეს წყლად, რომელსაც არ აქვს საწყისი ან სასრული. ბიჭს სწადია ყოფნა ერთ მცირედ წვეთად, რათა მისი სევდა ბევრად მცირე ჩანდეს იმასთან შედარებით თუ რაც არის იგი სინამდვილეში... მაგრამ არ ძალუძს... ამიტომ მიცურავს, მიცურავს, მიცურავს განა იცის სად... მიდის შორს, იქ, სადაც მზის დისკო სადაცაა შეერწყმება ჰორიზონტს და დაიმალება მასში. ხელები არ ჩერდებიან, ცდილობენ მათ მიერ დასახულ მიზანს მიაღწიონ, თუმცაღა კი გონებამ არც იცის რა სურს მას- „ადამიანად ყოფნის სევდის“ შეგრძნება თუ პირიქით ადამიანად გარდაცვალების ბედნიერება... აქ კი წყდება მომენტი, დედის ხმა ჩაესმის ნეკროსს, იმ დედისა, რომელიც განწირული ხმით მისტირის დაკარგულ „განძს“, შვილს, რომელიც ერთადერთი მასულდგმულებელი რამაა იმ მომენტისათვის. ნეკროსი, გაბრუებული წყლის სიღრმის ძახილით (თანაც უკვე მის ფეხზე ჩაჭიდებულით), გონს მოდის. მის ტვინში ნეირონები იწყებენ ციმციმს, თითქოს მათ მესაკუთრეს ანიშნებდნენ რაიმე მნიშვნელოვანს. დედის ძახილი, კვნესა ქალისა, უბრუნებს აზრს ნეკროსს, სამყაროს ცენტრი მისთვის უკვე არაა მზე, არამედ თავად იგი, რომელიც ნამდვილად არის ის წყლის წვეთი, რომლადაც იგი ნატრულობდა ყოფნას ამ დიდ სამყაროში...

          ახლა კი ნეკროსი, უკვე გაზრდილი, ორივე მშობელმკვდარი, სულიერად ცარიელი დადის ხალხმრავალ ქუჩაში. მონოტონური ხმაური უკვე აღარაა გამაღიზიანებელი, რადგან სამყაროც მუდმივი ტკივილით დაღლილი ცდილობს აღარ მიაქციოს მის მკვლელ პარაზიტებს ყურადღება. ნაბიჯები რიტმულობას სძენენ ერთფეროვან მელოდიას. წვიმს, ქოლგებზე დაცემული წვეთებიც ტენორის ხმით ჰყვება გუნდს. ნეკროსი, ფერებდაკარგული, შემთხვევით წყლის გუბეში დგამს ფეხს. მისი სპეციალურად გაპიწკინებული შარვალი ისვრება მუხლებამდე. მამაკაცი, უკვე შეჩვეული მსგავს იმედგაცრუებებს, ამოისუნთქავს და იწყებს ხელით შარვლის ტოტის გაწმენდას, თუმცა სწორედ ამ წამს სწრაფადმოსიარულე მანქანა ჩაიქროლებს, რომელიც მის ტანისამოსზე დატოვებულ ლაქას აფართოებს და ხდის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა მსგავსად. ნეკროსი, გამოცდილებათა დაგროვებით გაინტროვერტებული, მიეცემა ჩუმ სასოწარკვეთას. ჯდება რა ბარდიურზე, ცრემლებმორეული, დაზაფრული, ცხოვრებასთან შებრძოლების უუნარო და გაჰყურებს უსასრულობას, რომელიც არა და არ დგება... სწორედ აქ ამ დროს ჩნდება მზე, რომელიც იმდენად მცხუნვარეა, რომ მის სხივებს ძალა შესწევთ ფერადი საღებავებით გაალამაზონ არსებული სამყარო. ხმაურიც თითქოს წყდება ყურებში და ისადგურებს სიჩუმე, ეს სანატრელი რამ. ალინა, მანათობელი, ფეხს წამოსდებს ბარდიურს და ენარცხება ძირს, იქ სადაც გუბეს აუთვისებია სივრცე. ნეკროსი მონოტონური ხმაურის დამრღვევს შეხედავს და იხიბლება. თვით ქალღმერთს ჩაუცვამს ადამიანური ძონძები, ტალახის სახით. ზღვისფერი თვალები იმ სიცოცხლის მომენტალურ წყურვილს აგონებს, რომელმაც ხელახლა შვა იგი დარდის მორევში. და წამიერად ჩერდება დრო, გონებაც დუმდება და სამყაროც მასთან ერთად. გულში ისადგურებს გრძნობა მთელი დედამიწის მომცველი, რომელიც ფერად საღებავებს ასხამს ერთი შეხედვით თეთრ ტილოს. ალინა ბოდიშს უხდის ისედაც ტალახში მოსვრილ ნეკროსს კიდევ უფრო დაბინძურებისთვის, თუმცა მის თვალებში დიდიხანია გამეფებულა ალინას მომზირალი ცისფერი თვალები და აქ ქარწყლდება გამოსახულება...

          ელპიდა, პირველი ნამდვილი სიხარული, რომელიც ნეკროსმა იგრძნო. ჩვილის აზრისმომცემი ტირილი და ცრემთაღვრა "ახლადშობილი" მამისა, რომელსაც არ სჯეროდა იმედის არსებობის. შეხება, გულის ცემის შეგრძნება, ანგელოზთა მღერად ქცეული ყვირილი, ერთიანად გარდაქმნილი სამყარო, რომელსაც კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი იმის დამტკიცებისა, რომ იგი უსაფუძვლო არაა. პირველი მამა-შვილური განცდა ნეკროსს თვალების დახუჭვის სურვილს უჩენს და მართლაც ქუთუთოები ედება ერთმანეთს და თვალების გახელის შემდეგ ელპიდა უკვე აღარაა...

          ცარიელია უწინ ხალისით სავსე სახლი... შორსაა ელპიდა, უკვე საკუთარი ცხოვრების მქონე; მისი კარი უკვე აღარაა ნეკროსის კარი, მისი საჭურჭლე აღარაა ნეკროსის მსგავსი კარგა ხანია... არც ოდესღაც ელპიდას არსებით მოხიბლული პეპლებითაა სავსე ეზო, მხოლოდ ღამურები თუ გაიფრენენ ცაში საღამოთი. შვილის ტკბილი ხმა, თმის სურნელი, რომელიც ნეკროსს საკუთარ ბავშვობას აგონებს, დასცილებია იმ კარ-მიდამოს და დაუთმია ადგილი მელანქოლიით სავსე სილურჯისათვის. ყოველდღიურ რუტინაში ჩაძირული უკვე დამოხუცებული ისევ და ისევ უცდის, როდის მოვა ესოდენ სანატრელი უსასრულობა, რომლის ნამდვილი სახეც ჯერ კიდევ უცნობია მისი მნატვრელისთვის. და მაინც, ნეკროსი ზის ჩამქრალ ბუხართან და უცდის მის ხელახალ ანთებას. მართლაც, ხდება სასწაული და ტელეფონი რეკავს. გული თბება ღიმილით გაცისკროვნებული, ისმის თაფლივით ხმა, რომელიც მალამოდ ედება ნეკროსის სულს- ელპიდა! და ისევ ხურდება ბუხარი, ისევ ყვავილობს ია, კვლავ ინთება ნათურა ოთახებში და კვლავ იმარჯვებს სიყვარული...მაგრამ...

          მანათობელი ქრება. ელპიდა ანათებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც ყოფნის ღამით გარეთ გასასვლელი გზის გაკვალვას, თუმცა იგი საკმარისი არაა დღის "მოსაყვანად", მის "მოსათვინიერებლად"... ალინა ზეცაში აჭრილი ჩიტივით აღარ აპირებს ჩამოსვლას. მან შეძლო ზიარებოდა უკვდავებას, ნეკროსზე ადრე თანაც... მუდამ მისი ნამდვილი მსურველი ბოლო აღმოჩნდა რიგში... დედამიწა ბრუნავს, ნეკროსი კი ისევ მონოტონურ ხმაურს უგდებს ყურს, როგორც ალინას გამოჩენამდე. ფერები ისევ წყალთან შეზავებისას ნელ-ნელა კარგავს სიკაშკაშის ძალას. ალინას მიერ ქოთანში მოყვანილი ყვავილი ჩანს მხოლოდ რეზისტენტუნარიანი, მხოლოდ იგი იბრძვის გადარჩენისთვის. ნეკროსის ხელში მოუვლელად დარჩენილი სასწაულს ახდენს- კვირტს ისხამს. აქ კი ნათელი ხდება კაცისთვის- ალინა ყვავილად მოვიდა და ამის შემხედვარე გულში ჩამკვდარი ნაზი გრძნობა აღზევებას პოულობს უკვე გაქერცლილ ორგანიზმში; "ცოტათი" ამოდის მზე, ცოტათი ისევ შეიგრძნობა მისი მცხუნვარება... მაგრამ კადრი ისევ წყდება...

          მშობლიური მიწა, ადგილი, სადაც ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება... ადგილი, სადაც პირველად ფეხს იდგამ და სადაც პირიქით სიარულით გადაღლილი კიდურები ისევ თავდაპირველ უსვლელობის მდგომარეობას უბრუნდება... სულის თავისუფლება გაშლილ მწვანე მდელოზე, ხითხითი, ყურში მოჩურჩულე მელოდიად გახდილი რამ, ტკბილი სუნი ნეტარებისა... რა საამოდ მომწამვლელია უკვე ასაკში შესული ნეკროსისთვის ყოველივე. მისთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა ტკივილს განცდილს ცხოვრების განმავლობაში, რადგან თავისუფლება სწორედ აქაა, ამ ადგილას, ამ მომენტში. ხელებგაშლილი ნეკროსი მიაბიჯებს ჰორიზონტისკენ, მაგრამ მისი დევნა უსაფუძვლოა...

          უცებ ხმა ერთხაზიანი წუილისა წამოყოფს თავს და ავსებს მთლიან სივრცეს... კაშკაშა ციალი ისახება ცაზე. თითქოს ვარსკვლავის სიკვდილს აღნიშნავენ ზეცაში, ათასფერია ცა, რადგან სიცოცხლე გრძელია...

          განა არის დრო დარჩენილი?! რისთვის?!

***

და მაინც, ადამიანები ქმნიან მოგონებებს და თვით მოგონებები ქმნიან ადამიანებს. 

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე