გზის მანათობლები

 

                           ეძღვნება სალომეს, ირაკლის,

                                  ალექსანდრესა და დესპინეს

   საიდან დავიწყო ისტორიის თხრობა არ ვიცი,რადგან ამ ამბავს არ აქვს ზუსტი საწყისი და არც არასოდეს ექნება დასასრული.

   დავიკარგე. სრულიად მარტო აღმოვჩნდი უზარმაზარ ლაბირინთში, სადაც პატარა მინიშნებითაც კი ვერ გაარკვევდი იმას თუ სად იმყოფებოდი ან კი სად იყო ამ ყველაფრის ბოლო. არ ვიცი, როგორ მივედი ამ ადგილამდე, რადგან გასული ორი კვირა ჩემს გონებაში წაშლილიყო და არ ექვემდებარებოდა აღდგენას. მივაბიჯებდი, ირგვლივ ბუჩქებსა და ხეებს ვხედავდი, თუმცა ყველა მსგავსი იყო, ამიტომ აზრი არ ჰქონდა მათ ყურებას იმ იმედით, რომ რაიმე ახალს მაინც ვიპოვიდი. ფაქტობრივად, ბუნება არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ფუჭად იმედი ჩანერგილიყო ჩემს გულში, რადგან იცოდა, მაინც გამიცრუვდებოდა იგი.

   ბევრი ღამე გავათენე, ამდენივე დღე დავლიე უსაფუძვლოდ გასასვლელის ძიებაში. მეგონა, თითქოს ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნიდი, დავდიოდი წრეზე, რომელსაც არ ჰქონდა არც თავი, არც ბოლო. ციოდა, ხანდახან ნისლიც კი ჩამოწვებოდა, მაშინ კი უფრო მძაფრდებოდა ჩემი ტანჯვა. ხელები ტკივილს აეტანა, თვალებს კი ცრემლები არ შორდებოდა. უძილობა მკლავდა,მაგრამ არაფრის დიდებით არ შემეძლო თვლემა, როცა ჩემი ბედი წყდებოდა.

   ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, უკვე რაღაც მხრივ შევგუებოდი ყველაფერს, აღარც ვდარდობდი იმდენად, ვფიქრობდი, რაც მოსახდენია მაინც მოხდება, ამქვეყნად არაფერია უმიზეზო და უსაფუძვლო-თქო. ამ აზრის თავში გაელვება და ქარიშხლის ატეხა ერთი იყო. თვალების დახუჭვაც ვერ მოვასწარი.აშკარად რაღაც ჩამვარდნოდა,იმიტომ, რომ ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, თუმცა მხოლოდ ორგანიზმის საპასუხო რეაქცია კი არა უკვე ჩემი გრძნობების გამოძახილიც იგრძნობოდა მათში.

   უცაბედად, შეწყდა ქარიშხალი და გამოჩნდა მზე- სამყაროს გამნათებელი და ყოველი ახალი სიცოცხლის მშობი. დამყურებდა ზემოდან და ცდილობდა გაეთბო ამდენი ხნის გაციებული გული,თუმცა ამაოდ... შიმშილით კუჭი მიხმებოდა. ავხედე ცას, გავუღიმე უნებლიედ და დავენარცხე მიწაზე, სადაც, ჩემი აზრით, უნდა მომხდარიყო ტვინისა და გულის ერთმანეთისაგან განშორება. დავფრინავდი სიზმარში, კერძოდ კი ჩემი ბავშვობის მოგონებებში, და ვფიქრობდი, რა კარგი იყო წლები ყმაწვილობისა,როცა უსაფუძვლოდ ვწუწუნებდი ყოველივეზე, მეგობრებს ვებუტებოდი,შემდეგ კი ისევ ვურიგდებოდი...

     უჩვეულო ხმამ და ცივი წყლის დასხმამ გამომაფხიზლა. მივეპკურე, ამდენი ხნის მშიერ-მწყურვალს აღარ მახსოვს როგორ უცებ დამირბილდა ბაგეები სისველისგან. მეგონა, თითქოს ჰალუცინაცია მქონდა, თუმცა არა. გავახილე თვალები და დავინახე ორი პატარა არსება,რომელიც ჩემს თავზე დაფრინავდა, თუმცა შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ დამატებით ორი უკან სდევდა მათ. თვალები მოვიფშვნიტე, არასდროს მენახა მსგავსი რამ, კანიც დავილურჯე ბწკენისაგან, ცხადი იყო თუ სიზმარი რომ გამერჩია. ყველა მე დამცქეროდა ზემოდან, ხმაც კი არ ამოუღიათ, უბრალოდ მიშტერებოდნენ ჩემს ნაწვალებ სახესა და ნაფოტისებრ ხელებს. არ ვიცი როგორ, მაგრამ თითქოს მათში იყო რაღაც, რასაც შეეძლო მოეცა შენთვის სითბო, სიყვარული, სიმშვიდე... უცაურია არა?! პირველი შეხედვისთანავე რომ გწამს ვიღაცის ან რაღაცის, თანაც იცი, ინტუიცია არ გიღალატებს, ცხოვრება კი არ წარიმართება უკუღმართად, პირიქით მოგცემს ახალ გზას...

   ერთ-ერთმა არსებამ ამოიღო ხმა. ის არ ჰგავდა ჩვენსას, ადამიანებისას, პირიქით, რაღაცით უფრო აღმატებული იყო მასზე. საუცხოო ტემბრი მოგაგონებდათ საკუთარი მამის საუბარს, მის მოფერებას... ვიცოდი, მამაჩემი შორს იყო ჩემგან ფიზიკურად, თუმცა იგი გულით მუდამ დამქონდა თან; ამ ხმამ კი თითქოს ძველი ჭრილობა განმიახლა. ენით აღუწერელი შეგრძნება იყო, მსიამოვნებდა, თანაც კი ტკივილს განვიცდიდი...

--მოდი, წამოგაყენებ.--მითხრა მან.

--ჰჰჰჰჰ -- მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე, ჩავყლაპე ნერწყვი ნერვიულობისაგან. გამიკვირდა, ნუთუ შეიძლება ამ ცეროდენა არსებას ჰქონდეს ძალა ჩემი დახმარებისათვის?!

   კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და ცოტა აზრზე მოსვლისას ვკითხე:

--უკა-ცრა-ვად... --მებმეოდა ენა --თქვენ... ვინ ბრძა-ნდებით? -- მზეზე გახუნებულივით გამიშრა ისევ პირი, ხორხთან უზარმაზარი გორგალი მქონდა თითქოს, რომელიც არ მაძლევდა საუბრის საშუალებას.

--ნუ გეშინია, -- წარმოთქვა ხმამ, თუმცაღა რა იცოდა მან, რომ მის ტემბრში მე უკვე მქონდა ნაპოვნი ნდობა ან და კი საიდან ეცოდინებოდა -- ჩვენ გზის მანათობლები ვართ. დიდი ხანი არაა რაც აქ ვმოღვაწეობთ, თუმცა საკმაოდ ბევრი შენნაირი ადამიანი გადაგვირჩენია. ამ ლაბირინთიდან გასასვლელი მხოლოდ ჩვენ ვიცით, ღმერთმა გვარგუნა ამისი ნიჭი.

-- დიახ, დიახ -- განაგრძო მეორე ხმამ --შენს დასახმარებლად მოვედით, წინ ოთხი დღის სავალი გველის, არ შეშინდე, ჩვენ ყველანი შენ გვერდით ვიქნებით, გადაგალახვინებთ ყველაფერს. სწორ გზაზე დაგაყენებთ, შემდეგ კი გაგიშვებთ. მე ემოლასი ვარ, ეს კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი- აკია. ჩვენს ზურგს ამოფარებული ორი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფია. -- ჩაეცინა ემოლასს.

   არ ვიცი, რა მჭირდა, საათობით შემეძლო მესმინა მათი საუბრისთვის. ამდენი ხნის ტკივილი თითქოს გაქრა მათი ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ...

   მივენდე, განა მქონდა სხვა გზა?! თუმცაღა, რომ არ დაგიმალოთ, რომც მქონოდა ალბათ მაინც მათ გაყოლას მივანიჭებდი უპირატესობას.

    როგორც აღმოჩნდა, იმ პატარა ორი მანათობლიდან ერთი (უფროსი) ბიჭი იყო, მეორე კი- გოგო. პატარას ჯერ საუბარიც კი არ ჰქონდა დაწყებული. არ იყო უკარება, პირიქით უყვარდა ახალი სახეები, სიამოვნებდა მათთან კონტაქტი, მაგრამ თავიდან თუ არ მოეწონებოდი შესაძლოა სულაც არ შემოეხედა კარგი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისიდანვე ეტყობოდა ინტერესი უცნობის მიმართ, მაინც არ ბედავდა ჩემთან მოახლოებას.

   უფროსი სრულიად საპირისპირო იყო მისი დისა- დინჯი, გაწონასწორებული, ზედმეტ სიტყვას რომ არ წარმოთქვამდა ისეთი...

     დაილია სიახლეებით აღსავსე დღეც. მზე მიეფარა ცის კაბადონს, ჩვენ ხუთნი კი ვისვენებდით უზარმაზარ ბუჩქებზე მიყრდნობით. დიახ, არ მოგესმათ, პატარა, ციცინათელასოდენა, მანათობლები მიყუდებულიყვნენ მათზე ბევრად აღმატებულ ფოთლებს, რომლებიც უფრო და უფრო ეხმარებოდა მათ შეფერილობას გადაკარგულიყო და გაუჩინარებულიყო ბუნების წიაღში.

   უცებ სიჩუმე გაარღვია აკის ხმამ, რომელმაც თითქოს დააგვირგვინა პეიზაჟი და იმპრესიონისტივით აღბეჭდა ის წუთი და მომენტი:

-- ხვალ ძალიან რთული დღე გელის. შესაძლოა, ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში გაგიჭირდეს, თუმცა არ შეუშინდე. არაერთხელ გვინახავს მსგავსი რამ... ლაბირინთი არაა ჩვეულებრივი, მასში ბევრი კარგი და ამავდროულად ცუდიც იმალება.

-- ხომ იცი, ჩვენ არ მიგატოვებთ. განა შეგვიძლია გადაკარგულ ადამიანს დახმარების ხელი არ გავუწოდოთ?!-- განაგრძო ემოლასმა.

   პატარა მანათობელი წარბშეკვრით იყურებოდა, თითქოს ცხოვრების სისასტიკეზე ყოფილიყო განაწყენებული, თუმცა მოგვიანებით ცაში ახედვა, ვარსკვლავების დანახვა და მისი გაღიმება ერთი იყო.

-- შემიძლია გკითხოთ რაღაც? -- ჩემდა უნებურად დაიწყეს სიტყვებმა ლევა.

-- კი, რა თქმა უნდა. ოთხი დღის ერთად გატარება მოგვიწევს, ამიტომ ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით რაც გაინტერესებს გვკითხე ყველაფერი.--  მიპასუხა ემოლასმა.

-- მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ემსახურებით თუ უბრალოდ გარდამტეხი პერიოდი გქონდათ რის შემდეგაც დაიწყეთ ხალხის დახმარება? -- ვკითხე პასუხით დაინტრიგებულმა.

-- მთელი ცხოვრება ნამდვილად არა, თუმცა სიკეთის კეთება თითქოს მუდამ ჩვენში იყო, ჩვენ კი გვსურს შვილებს გადავდოთ ეს "სენი". სხვების დახმარება იმდენ აღმაფრენას გვგვრის, რომ დღემუდამ გვინდება მისი გამეორება. რამდენი ადამიანი შეგვხვედრია- ნატანჯი, ჭკუამხიარული, ბოროტი თუ ამპარტავანი- ყველასთვის გაგვიკვალავს გზა, სანაცვლოდ კი მხოლოდ ის მოპყრობა მოგვითხოვია, რასაც თავად იღებდნენ ჩვენგან. -- თქვა აკიმ.

-- უშეცდომოები არც ჩვენ ვართ, თუმცა თავად როცა გსურს საკუთარი ნაკლის აღმოფხვრა მთელი სამყარო თავდაპირველად გცდის შემდეგ კი გეხმარება ამის განხორციელებაში...

ცოტა ხნის პაუზის შემდეგ განაგრძო ისევ ემოლასმა:

-- ჩვენ, როგორც ვთქვით, 4 დღის სავალი გველის წინ. განსაკუთრებით, პირველი ორი დღე გაგიჭირდება, ყველას უჭირს... არ მოგერიდოს დახმარების თხოვნა, როცა მოგივა რამე.

--ხო-- თქვა პატარა ბიჭმა, თითქოს თვითონაც სურდა დაედასტურებინა ფაქტი, რომ ისინი ცხოვრების ამ რთულ პერიოდში ჩემთან იქნებოდნენ.

 ამ ბიჭს რაღაც ჰქონდა ისეთი, რასაც ვერ აღწერ სიტყვებით.მის თვალებში ჩახედვისას მთელი სამყარო გადაგეშლებოდათ წინ, შესაძლოა ჩაძირულიყავით კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ საუბრობდა, თუ საუბრობდა ისიც მხოლოდ თავისი სურვილისამებრ, მაგრამ მისი თანადგომა და თანაგრძნობა გამოკრთოდა მისსავე მზერიდან, რომელიც არ გამოგეპარებოდათ არავითარ შემთხვევაში.

-- ახლა კი ჯობს დაიძინო, ძალა გჭირდება... -  მითხრა ემოლასმა.

   დაღლილობისაგან, მართლაც, ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უმალვე გამეთიშა გონება. მესიზმრებოდა ყოველი ვარიანტი იმისა თუ რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო შემდეგ დღეს ისეთი, რაც ზიანს მომაყენებდა, მანათობლების თქმით, თუმცა გონებაშიც არც კი გამივლია ის ,რაც სინამდვილეში მოხდა შემდგომ...

   გზის გაკვალვის პირველი დღე უცნაურად დაიწყო, მუცლის არეში თითქოს განუწყვეტლივ ვგრძნობდი ტკივილს, პირღებინების შეგრძნება კი არ მასვენებდა, ძალაც კი არ მქონდა სიარულის... ვფირქობდი, მალე გადამიღებს-თქო, თუმცა არ აღმოვჩნდი მართალი. თვალთ მიბნელდებოდა, მაგრამ, როგორც კი ვიგრძენი მანათობლების მზერა, უმალვე გამეღიმა, თუმცა საკუთარ სხეულთან ბრძოლა არ ნელდებოდა...

   -- ოთხი დღე, სულ რაღაც ოთხი დღე, მოითმინე, გევედრები, რაც არ უნდა ცუდად გრძნობდე თავს -- ვეუბნებოდი საკუთარ თავს, თუმცა სულიერად თუ ფიზიკურად მაინც მიჭირდა გაძლება.

   მანათობლები არ მცილდებოდნენ გვერდიდან. წარმოიდგინეთ და ამ ციცქნა არსებებს იმხელა ძალა ჰქონდათ,რომ ზოგჯერ ჩემი უფუნქციოდ დარჩენილი კიდურების მიყრდნობას იტანდნენ, მე კი, თანდათან უფრო და უფრო მეტად ვაწვებოდი მათ ზურგზე პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.

   შუადღისას, როცა საჭმელი გამომიწოდეს, პირიც ვერ დავაკარე, ჭამა კი არა სუნზეც გული მერეოდა, მინდოდა დამეძინა ცოტა ხნით მაინც, თუმცა სხეული არ მაძლევდა ამის საშუალებას. რამდენი არ ვეცადე, ვერ შევძელი გამენეიტრალებინა სიტუაცია; ვტიროდი თან შეძლებისდაგვარად მოკრებილი ძალით მივუყვებოდი ამ თითქოს უსასრულო ლაბირინთს.

   აი, თურმე რა იგულისხმებოდა მანათობლების სიტყვებში...

   მაშინ, როცა ტკივილი ყუჩდებოდა წამიერად, ვუყურებდი ჩემს მშველელებს, ისინი კი ყველანაირად მამხნევებდნენ. მათ თვალებსა და სიტყვებში იგრძნობოდა უზარმაზარი ემპათია, მე კი მიკვირდა... მიკვირდა და ვფიქრობდი:

-- ხომ საშინელია ბუნების ასეთი წნეხის ქვეშ ყოფნა, თავზე კონტროლის დაკარგვა, მაგრამ მასზე უფრო საზარელი არაა, როცა უყურებ ამ ყველაფერს, თანაც იცი, ვერაფრით დაეხმარები ტანჯულს?! როგორ უძლებენ ამდენი ადამიანის გაწბილებული სახის ყურებას ეს მანათობლები?! რამხელა ძალა იმალება მათში თვითონაც არ იციან...

   მოახლოვდა დღის დასასრული და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა მაშინ დედამიწაზე, თუმცა სიხარული ნაადრევი იყო.

   "დამცვივდა ყველა ფოთოლი"... თანაც ისე, რომ ვერ შევძელი მათი გუნდად შეყრა და ისევ მიკრობა... უცებ სხვა ადამიანად ვიქეცი, ჩემი თავისთვისაც შეუცნობად. არ ვიცოდი არაფერი: არც საკუთარი სახელი, არც ბინა, განსაკუთრებით კი არც ის თუ მომავალი რას მიმზადებდა...

   ემოლასი გვერდიდან არ მშორდებოდა, არ უნდოდა, რომ მეგრძნო რამე ჩემი დანაკარგით. აკიმ თავიდან თითქოს არ შეიმჩნია. მე... მე კი წამსვე ჩამესო გულში ისარი, როცა კი დავინახე საკუთარი თავი "ახალი იმიჯით". ცრემლთა ჩანჩქერი არ შორდებოდა ჩემი სახის ნაკვთებს. აკიმ, თვითონაც აღელვებულმა, ჩამიკრა გულში და ამით იმხელა ძალა გადმომცა, რომ არავინ იცის როგორ წამადგა იგი შემდგომში.

   გავჩერდით დასასვენებლად, რადგანაც ღამეც დამდგარიყო. აკი ცოტა ხნით გაეცალა იქაურობას, არ შეეძლო ამდენი მოვლენის ერთდროულად ატანა. ემოლასი უწინდებურად მომიჯდა გვერდით, მეფერებოდა თავისი პაწაწუნა ხელებით, მე კი ნელ-ნელა ვეგუებოდი ბედს, ჩემს, იმ დროისთვის თითქოს დაწყევლილ, ბედს...

   პატარებს ეძინათ სანამ ჩემი "გარდაქმნა" ხდებოდა. მეგონა, გაღვიძებისას ვერ მიცნობდნენ, არ მომეკარებოდნენ, რადგან სხვა ვიყავი შინაგანად და გარეგნულად... საბედნიეროდ, შევცდი, თანაც როგორ...

   გოგონა მომჩერებოდა თავისი უზარმაზარი ბალოტისფერი თვალებით, ისიც თითქოს იმიტირებდა ჩემს მოწყენილ სახეს- თვითონაც დაღვრემილიყო ჩემი ცუდად ყოფნის გამო. გაიფიქრებდი, პატარაა რას გაიგებსო, მაგრამ ნეტავ ყველას მასე შეეძლოს თანაგრძნობა, როგორც მას, ამ თითისტოლა ნამცეცას. ბიჭს მამამისივით არ სურდა ერთ ადგილას გაჩერება, რადგან ჩემი ტკივილი გულთან მიჰქონდა. მომენტებში წაილაპარაკებდა ყურადღების გადასატანად, თუმცა უმალვე ჩუმდებოდა, რადგან ხვდებოდა, ჩემი ტკივილი ყრუ და შეუნელებელი იყო.

   ასე მიილია პირველი დღე...

   გაღვიძების მეშინოდა.ისევ ასე თუ გაგრძელდებოდა, შესაძლოა ვერც გამეტანა თავი გზის ბოლომდე... იმ ღამით არ მეძინა ან კი როგორ დავიძინებდი, როცა ვიცოდი ტანჯვის კიდევ სამი დღე დამრჩენოდა...

   გათენდა. ყრუ ტკივილმაც გაიღვიძა და დაიწყო ჩემი შიგნიდან "ფერება". ერთდროულად იმდენი რამე ხდებოდა ჩემს ორგანიზმში, რომ, არ ვიცი, როგორ ჩამოვთვალო. მანათობლებმა გამომიწოდეს რაღაც, რასაც, წესით, უნდა შეენელებინა ტკივილი. საშინელი გემო ჰქონდა, ბევრიც იყო დასალევი, თუმცა მიშველა. მათთან საუბრისას კი საერთოდ მავიწყდებოდა ჩემი სხეულის ყოფა. ერთი ის კი იყო- სულ უფრო და უფრო ვიცვლებოდი, საკუთარი თავის პირვანდელ სახეს იმდენად მოვშორებოდი, რომ ვეღარ ვცნობდი. ნუთუ ეს მე ვარ?- გამუდმებით ეს კითხვა მებადებოდა გონებაში. ამ ცვლილებას არ მაგრძნობინებდნენ ჩემი მანათობლები. მათ იცოდნენ ამ ვერაგი ლაბირინთის წეს-ჩვეულება, თანაც მათთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა გარეგნობას, მთავარია, ნამდვილი ადამიანი ყოფილიყავი, ესაა და ეს.

    შვება ვიგრძენი ცოტა, თუმცა ყოველ 15 წუთში თვლემა მსურდა, ვითიშებოდი; სწორედ ამიტომ ღამის სამ საათამდე მოგვიწია სიარული, რომ გაგვევლო ის მანძილი, რაც დაგეგმილიყო ამ დღისთვის. ალბათ, ახლა უკვე აღარ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, გზადაგზა ისევ ზურგზე გუდააკიდებულივით მიმათრევდნენ მანათობლები-მეთქი. ყოველი მათი ნაბიჯი ჩემს სასარგებლოდ იდგმებოდა, ყოველი მათი სიტყვა ჩემს გასამხნევებლად, სულისკვეთების ასამაღლებლად იყო წარმოთქმული. ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, უბრალოდ ყოველთვის ვერ ვაქცევდი მათ ყურადღებას, იმედია არ მიწყინეს. გონება მებინდებოდა, თითქოს სუნთქვაც კი მავიწყდებოდა ზოგჯერ. ადამიანის მოთხოვნილება ყოველ მეასედ წამში ჩაუშვას ფილტვებში ჰაერი რომ არა, დღემდე ვერ მოვიდოდი ცოცხალი, სადმე დავლევდი სულს...

   შედარებით უკეთ ჩაიარა მეორე დღემ, თუმცა ჩემი თვლემის გამო დიდად არც არაფერი მახსოვს. ამ დღიდან მხოლოდ ის ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში თუ როგორი ტკბილი ოჯახი ჰქონდათ მანათობლებს; მათი ღიმილი, სითბო ზამთრის ცივ თოვლსაც გაალღობდა...

   წვიმის წვეთი დაეცა ჩემს სახეს, როგორც კი მან მოიარა ყველა ჩემი ნაკვთი, მაშინვე გაჩერდა, მე კი მხოლოდ მაგ წამს ვიგრძენი მისი სურნელი, რომელიც ერწყმოდა ფოთლებისას. თითქოს დიდი ლოდი ჩამომვარდნოდა ზურგიდან, რომელიც მიწამებდა ყოფას.რამდენი ხნის მანძილზე არ ამიხედავს ცაში, არ დავკვირვებულვარ გარემოსა და მის ცვლილებებს. ეს მაკლდა სწორედ: წვიმის მძაფრი სუნი და მაცოცხლებელი სისველე.

   ყველას ეძინა, მე კი შევყურებდი ცას. მას ესმოდა ჩემი, მე კი მისი... თითქოს ერთნი ვიყავით მაშინ...

   დადგა დილა. მზემ გადმოაფრქვია ჩვენზე სხივები, მე კი წვიმით მოჯადოებული სულაც არ მიგრძვნია სიმხურვალე, რომელიც ნელ-ნელა შემეპარა ხელებსა და ფეხებში. ამგვარი ამინდი, კარგის მანიშნებელი იყო.

   ემოლასი ყველაფერს ამჩნევდა, არც ჩემი გაბრწყინებული სახე გამორჩენია აისისას, როცა მოიფშვნიტა თვალები.

-- აშკარად, უკეთ ხარ, ხომ მართალი ვარ? -- მკითხა მან თვითონაც გაღიმებულმა.

-- ნამდვილად. წვიმის წვეთებმა მიშველეს. ცხოვრებაში არასდროს მომნდომებია ასე ძლიერ სველ მიწაზე გაწოლა, თვალების დახუჭვა და ოცნებებში გაფრენა. თითქოს ახალი წვრილმანი აღმოვაჩინე, რომელსაც მთელი ჩემი ყოფა თავს ვარიდებდი. აი, ესაა მგონი ლაბირინთის კარგი მხარე, რომელმაც გამიღვივა ცეცხლი გულში ორი დღის ტანჯვის მერე.

საუბარი არ მქონდა დამთავრებული ისე, დავინახე, ემოლასს თვალები აცრემლიანებოდა, უხაროდა, ყველაფერი უხაროდა, თანაც როგორ!

--  ძლიერი ადამიანი ხარ, იცი?! ამდენი ტკივილის შემდეგ შეგიძლია დადებითიც იპოვო მომხდარში.-- ბაგეებიდან ღიმილი არ შორდებოდა -- გთხოვ დამპირდი ერთ რამეს.

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

-- ხომ ნახე, უკან მოიტოვე უკვე ყველაზე რთული ორი დღე ლაბირინთში ყოფნისა. შემპირდი, რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, არასდროს დანებდე, გესმის, არასდროს! აქაურობას ბევრი ვერ უძლებს, შენ კი ყოველივე შეძელი, ნახევარიღა დაგრჩა, ის კი არაფერია იმასთან შედარებით, რაც გამოიარე. მპირდები?

ისევ დავეთანხმე თავის ქნევით, შემდეგ კი ჩავიკარი გულში.

   უკვე ყველა ამდგარიყო.

   მალევე გავუდექით გზას. პატარა მანათობლები მხარდამხარ მომყვებოდნენ. ცოტა სისუსტეს ვგრძნობდი, თუმცა მათი შემხედვარე ეგეც კი აღარ მახსოვდა. გოგონა ცდილობდა რაღაც აეხსნა თავის ენაზე, იმდენად ლამაზად წარმოთქვამდა ყოველივეს, რომ გული აგიჩუყდებოდათ, მუცლებში პეპლები დაიწყებდნენ ფრენას( დიახ, ის პეპლები, სიყვარულის პეპლები). ბიჭი ხუმრობდა, მაცინებდა, გზადაგზა მეთამაშებოდა კიდეც.

   უცაბედად გამახსენდა ერთი გრძნობა, სახლში ყოფნის გრძნობა, რომელიც კარგა ხანია გადაკარგულიყო და მიმალულიყო ჩემში. მეგონა, თითქოს მეორე ოჯახი შემეძინა მანათობლების სახით.

   შუადღისას შევჩერდით დასასვენებლად. აკიმ თავისი საყვარელი ჩაი გამოგვიტანა ყველას დასალევად. ვსვამდით და თანაც ვსაუბრობდით "ხელოვნებაზე". საოცარი იუმორი ჰქონდა. რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყავი, მაინც გაგეცინებოდა, ამდენი სიცილისგან კი შესაძლოა მუცელიც გტკენოდა.

 ახლა რომ ვიხსენებ, მანათობლებთან ჩაის სულ სხვა გემო ჰქონდა. მხოლოდ მათთან ვგრძნობდი, რომ ეს სასმელი მიყვარდა.

    მიუხედავად ამ ყველაფრისა, ასე ხალისიანად არ გაგრძელებულა მესამე დღის მეორე ნახევარი. შუადღისას დამეწყო კიდურების ტკივილი. მეგონა, თითქოს ვიღაც წამში ათას ნემსს მჩხვლეტდა მუხლებში. ხელებს ვირტყამდი, ვიჭერდი, მაგრამ არაფერი შველოდა. ვღრიალებდი, ვტიროდი, ესეც არ იყო საკმარისი. სვლას ვაგრძელებდი, არ ვაპირებდი შუა გზაზე გაჩერებას. საკუთარი თავის მჯეროდა და გამიზნულად უფრო დიდ ნაბიჯებსაც ვდგამდი, რომ რაც შეიძლება მალე მიმეღწია სამიზნესთვის. მანათობლებიც კი მოვიტოვე რამდენიმეჯერ უკან. ტკივილს ავეტანე, მაგრამ მე ვჯაბნიდი. სიარულთან ერთად თითქოს ნემსების რაოდენობამაც იკლო. მანამ ვიარე სანამ, არ მიიყუჟებოდა ტკივილი სხვაგან. ჩამოვჯექი დასასვენებლად, თანაც ვუცდიდი ჩემს თანამგზავრებს, რომლებსაც ფეხი ვერ აეწყოთ ჩემი ასეთი სწრაფი ტემპისათვის.

   ისევ ჩავიძირე სანახაობაში, ოღონდ ახლა აღარ მიხაროდა. ვფიქრობდი უამრავ რამეზე და ამავდროულად არაფერზე. ხანდახან წვეთები ჩამოცვივდებოდნენ ჩემი მიწისფერი თვალებიდან, მაგრამ მაშინვე მოვიწმენდდი. მენატრებოდა ლაბირინთამდელი ყოფაცხოვრება, მაგრამ, ვიცოდი, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...

   მანათობლები მოვიდნენ. ძილის დრო მოსულიყო, მაგრამ თითქოს არც ერთს არ გვსურდა ჯერ დაწოლა.

-- ვიცი, თქვენ ისედაც დაფრინავთ და ფრინველთა კატეგორიას მიეკუთვნებით, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს ყველას სხვადასხვა სახეობას მიგაკუთვნებდით -- ბურტყუნით ჩავილაპარაკე, რადგან არ მინდოდა ჩემი სულელური მოსაზრება მომეხვია რომელიმეს თავს.

გაეცინათ, მაგრამ დაინტრიგებულებმა მკითხეს:

-- სხვადასხვას? ვითომ რომელს?

-- ახლავე გეტყვით.-- დავიწყე საუბარი -- აი, მაგალითად აკი იქნებოდა ამერიკული goldfinch-ი, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია გარეგნულად, თუმცა გამოირჩევა მელოდიური ხმით, ტყვეობაშიც კი შესანიშნავად მღერის. ზოგადად კი ურჩევნია დასახლდეს ადამიანებისგან შორს, მხოლოდ თავის ოჯახთან ახლოს. მიუხედავად ამისა ხალხს ის სჭირდება, რადგან იგი ანადგურებს ბუგრებს.

აკის გაეღიმა. არ ვიცი შევძელი თუ არა სწორად მიმემსგავსებინა თუ არა იგი ფრინველთან, მაგრამ ეს ცუდის ნიშანი არ იყო ნამდვილად.

-- ემოლასი... ჰმმ...-- განვაგრძე საუბარი-- ხო... ემოლასი იქნებოდა ბეღურა. ალბათ დამეთანხმებით იშვიათია ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ეს ჩიტი. თანაც ისინი გამოირჩევიან სიმამაცით, ისინი ადვილად იმარჯვებენ საკვების ძიებაში უფრო დიდ ფრინველებზე ანუ არ უშინდებიან დაბრკოლებებს და მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვიან მუდამ. თანაც კაცობრიობა ძალიან აფასებს ბეღურებს, რადგან ისინიც ანადგურებენ კალიებს, ბუგრებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში მავნე სხვა მწერებს.

-- აი შენ კი, ჩემი აზრით, იქნებოდი ცვილის ფრინველი, იგივე ცვილის ჩიტი.-- მივმართე ბიჭს.-- მას, ისევე, როგორც goldfinch-ს, აქვს ლამაზი მელოდიური ხმა, ამიტომ ზოგი მას სახლში ინახავს. ეს ფრინველი გამოირჩევა სისწრაფით და დამატებით მამრი გონიერიცაა.

გაეღიმა, მოეწონა, გონიერიო, რომ ვთქვი.

-- ჩემო ბრდღვიალთვალება, შენ მტრედი იქნებოდი-- ვუთხარი პატარას, თითქოს მასაც შეძლებოდა გაგება და გააზრება ყოველივესი, თუმცა მე მაინც მჯეროდა, რომ ესმოდა ჩემი.-- მტრედები შესანიშნავად არიან ორიენტირებულნი სივრცეში, მარტივად რომ ვთქვათ, მალევე ითვისებენ გარემოს. თუ ადამიანი გაათავისუფლებს ველურ ბუნებაში, ის აუცილებლად დაბრუნდება, რადგან მიუხედავად გარემოს სიყვარულისა, ამ სიყვარულს ჯაბნის საკუთარი ადგილსამყოფელი. მტრედი იმ ფრინველთა რიცხვიდან ერთ-ერთია, რომელიც ცისარტყელას ყველა ფერს ხედავს, როგორც შენ, რომელიც ყველა დეტალს უკვირდები. -- თვალებში მივჩერებოდი,მაინტერესებდა რეაქცია. გოგონამ არ დააყოვნა და ღიმილიც მაჩუქა საპასუხოდ. მიხაროდა, მაგრამ უცებ ვიგრძენი თუ რა სისულელეები ვიბოდიალე და ყველას უმალვე შევთავაზე დაძინება, რადგან უკვე დაღამებულიყო. ისინიც, არ ვიცი ჩემი დახასიათებით ნასიამოვნები თუ ნაწყენი, დამეთანხმნენ.

   ასე მიილია მესამე დღე...

   დაღლილს გამეღვიძა, მაგრამ პოზიტიური ფიქრები მაინც არ მშორდებოდა. ეს ხომ ლაბირინთში ყოფნის ბოლო დღე იყო! სანამ ვინმე გაიღვიძებდა ავდექი, გავიარ-გამოვიარე, სიხარულით დავიწყე ტრიალი, ხელები გავშალე და თავი თოლია მეგონა, რომელიც წყალზე გადაფრენილიყო, ჩემი ანარეკლიც ჩანდა მიწაზე დახედვისას. ვტიროდი, ვიცინოდი, ყველა გრძნობამ ერთად მოიყარა თავი ჩემს სხეულში. მაგრამ...

   უცაბედად, თითქოს რაღაც ჩამომწყდა გულიდან, რაღაც იმდენად დიდი, რომ ძირს დავენარცხე, დავიჩოქე ჩემდა უნებურად. შემეკუმშა შიგნეულობა. ვიცოდი ეს რაც იყო... ამ დღის მერე... მე... ვეღარ ვნახავდი მანათობლებს...

   ავიხედე ისევ ცაში. ბუნებაც ჩემთან ერთად იცვლიდა ფერებს. ღრუბლებსაც ეგრძნოთ ჩემი მწუხარება, მოიღუშნენ და ჩანჩქერად დაღვარეს მათი სევდა. ახლა წვიმა სულაც არ მიხაროდა, მეც პატარა წვეთად გადავქცეულიყავი, რომელიც ქარს დაჰქონდა იქით-აქეთ.

   გაშეშებული ვიყავი რამდენიმე წუთი, ცა კი ისევ აფრქვევდა ჩემზე თავის დარდს.

   შეწყდა ყველაფერი, ცისარტყელამ გამოანათა და თავისი ფერებით მართლაც რომ გააფერადა ჩემი გონება. მივხვდი რაც უნდა მექნა.

-- ეს დღე, რაც არ უნდა რთულად გადაიტანო, გაატარე ისე, რომ მუდმივად დაგამახსოვრდეს. მანათობლები შესაძლოა ფიზიკურად არ იყვნენ შენთან ახლოს მუდამ, მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგავიწყდება ისინი, მათი სითბო?! ნუ გწყდება გული ნურაფერზე. ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, რა იცი იქნებ მომავალში კიდევ მოგიწიოს მათთან გზების გადაკვეთა. მოგონებები, აი სწორედ ესაა ის, რაც გვაცოცხლებს, რაც ხორცს ასხამს ჩვენს ახლობლებს, რომ იარსებონ ჩვენთან მუდამ ახლოს და არასოდეს შორს. -- ცისარტყელამ ჩამჩურჩულა თითქოს ყურში, მე კი დავუჯერე.

   უმალვე გავიქეცი მანათობლებთან, რომ სისრულეში მომეყვანა ჩემი ფერადი მეგობრის ნათქვამი. ყველას გაეღვიძა, მე კი მისვლისას ჩავეხუტე ოთხივეს. ავიხედე ცაში და მადლობის ნიშნად თავი დავაქნიე.

   გავუდექით გზას. დაქანცული ვიყავი, ტკივილიც მქონდა, მაგრამ არ შევუშინდი არაფერს. საკუთარ თავს დავპირდი,რომ ამ დღით მხოლოდ დავტკბებოდი, არ მივცემდი რამეს უფლებას იმისა, დაერღვია სიმყუდროვე. ვიცინოდით, ვხარხარებდით ძველი ნაცნობებივით, ვმღეროდით და თანაც მივდიოდით დასასრულისკენ.

   დიახ, ყველაფერ ცუდს ჰქონია დასასრული...

   მიილია ლხენაში დღეც, ლამისაა მივსულიყავით უკვე გასასვლელამდე. ვიცი, თავს დავუთქვი არანაირი დარდი-მეთქი, მაგრამ ცრემლები მომეძალა, როცა გავიაზრე ეს დღეც საცაა დამთავრდებოდა. ეს ყოფილა ლაბირინთის კარგი მხარე. მან შემამეცნა უცხოს სიყვარული, რომელიც გულში უფრო ღრმად აღბეჭდილიყო ვიდრე სიყვარული ჩემი მართლა ახლობლებისა.ყოველივე ცუდში აუცილებლად იმალება კარგი და პირიქით, მთავარია ამის დანახვა შეძლო...

   -- ახლა შევუხვევთ მარჯვნივ და ჩვენი მოგზაურობაც დასრულდება. -- თქვა აკიმ -- მადლობა შენ, რომ სულით არ დაეცი, გამძლეობა გამოიჩინე და მიაღწიე ბოლომდე. -- ერთ ადგილას დადგა და მიყურებდა.

 ოთხივე მომჩერებოდა ისე, როგორც პირველი შეხვედრისას, მაგრამ ახლა ისინი იღიმოდნენ, თუმცა, ვგონებ, მათაც უმძიმდათ ჩემი გაშვება, მე კი გულს მიტეხდა მათთან განშორება.

-- მადლობა თქვენ! ჩემი ცხოვრება თქვენ ხომ ფერებით ამივსეთ! არასოდეს დაგივიწყებთ! არასოდეს! -- კიდევ ერთხელ გადავეხვიე მათ და შესახვევიდან უკვე ჩემით განვაგრძე სვლა. არ მინდოდა გასასვლელთან ისევ ამჩუყებოდა გული.

   მანათობლებმა გამიკვალეს გზა, მითხრეს, აი ესაა შენი დანიშნულების ადგილიო, მეც მივენდე მათ და გამიმართლა.

  ეს დღეები სამუდამოდ აღბეჭდილი იქნება ჩემს გონებაში!

 

 

  იცით, ზოგადად ბევრჯერ მითქვამს და უმეტესობამაც იცის,რომ პირისპირ ვერ გამოვხატავ გრძნობებს, მაგრამ ალბათ ის არ გაეგება ყველას, რომ წერილებს და თხზულებებს არ ვუძღვნი "ჩვეულებრივ" ადამიანებს, ჩემთვის "მუზები" მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩემს გულში ღრმად იმკვიდრებენ ადგილს. მანათობლებიც ასე არ არიან?! დასაწყისში მათ მითხრეს, ლაბირინთიდან გაგიყვანთ, შემდეგ კი მოგცილდებითო, მაგრამ რა ვქნა, არ ვიცი, მე ხომ აღარ შემიძლია მათ გარეშე...

 

                                       დასასრული

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

P.S.

*ნაწარმოების ძირითადი შთაგონება იყო რეალურად მომხდარი ფაქტები, თუმცა ყველაფერი არ ექვემდებარება სინამდვილეს.

* ემოლასი და აკი არის სალომე და იკას შებრუნებული ვერსია (ირაკლის შებრუნებული ვერსია არ უხდებოდა :D, ამიტომ შევამოკლე)

* ოთხი დღე ქიმიის ოთხი კურსია, რომლის განმავლობაშიც მართლა მუდამ გვერდში მედექით, მადლობა თქვენ ამისათვის!

Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე