უდაბნო

  I.

   მათარით მოსვა წყალი,მაჯით ნელა მოიწმინდა სითხეშეწოვილი ბაგეები და გააგრძელა გზა. ფეხები უმძიმდებოდა ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ არ ჩერდებოდა.ვერ იაზრებდა მიმავალი, რომ უფრო და უფრო იძირებოდა უდაბნოს სიცარიელეში, მის იდუმალებასა და უსასრულობაში...

   პეშვით მოზიდნა ქვიშა; ასწია თუ არა შევსებული ხელი, მაშინვე გაიფანტა ქარის მიმართულებით მისი "მონაპოვარი". მიქროდნენ მომცრო ნამცეცები და თან მიჰქონდათ სიცოცხლის წყურვილი, იმედი- ყოველივე კარგი რაც კი შეიძლება ამ უსახურ ადგილას გაჩენილიყო. მგზავრი შეჰყურებდა ამ მტანჯველ სილამაზეს. გული ეკუმშებოდა, თვალთ უბნელდებოდა, რადგან არ სურდა მათი გაშვება, ეს ხომ ერთადერთი რამ იყო, რაც მას აქ გააჩნდა...

   თავსაფარმოხვეული სუმა (סומא) მიუყვებოდა გზას, რომლის არც ასავლისა გაეგებოდა რამე და არც დასავლისა. თვალისმომჭრელი ჰორიზონტი თვალთმაქცურად ატყუებდა ყოველ ჯერზე, თითქოს ეთამაშებოდა და თან გამოცდას უტარებდა, მოთმინების გამოცდას...

   უცებ, მოელანდა პალმები, ედემის ბაღივით აყვავებული ოაზისი. მიუახლოვდა, მოწყვიტა შეუცნობელი ხის ნაყოფი. ამდენი ხნის ამომშრალი პირი დასველდა თითქოს შიგნიდან, სანერწყვე ჯირკვლებმა გაავსეს ცარიელი კაშხალი. ყოველგვარ ადამიანურ თვისებებს მოკლებულმა დამშეულმა სუმამ მხეცივით დაიწყო წვენის ამოსრუტვა უცხო ხილიდან. ეტკბილა.სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულს, პირისახე გაუბრწყინდა. გაძღა თუ არა მოგზაური, წამოწვა დანაყრებული ხის ჩრდილში. იღიმებოდა, ეგონა სამყარომ დაასაჩუქრა არ დანებებისათვის, თუმცა უეცრად ტკივილი დაეწყო მუცლის არეში.ღებინება მოუნდა. საზარელი სანახაობა იყო, როცა მატლებმა მისი პირიდან დაიწყეს ცვენა. გეგონებოდა, თითქოს სწორედ "ის", უფლის მიერ აკრძალული ერთადერთი ხის, ნაყოფი ეჭამოსო. ცივმა ოფლმა დაასხა საცოდავს. რა ბნელი ყოფილა უდაბნო და თანაც უამრავი საიდუმლოებით სავსე.

   ცივმა ქარმა ჩასჩურჩულა სუმას ყურში და გამოაფხიზლა. მხოლოდ ქვიშის ზვინები მოჩანდა თვალთა საწიერში. სანერვიულო არაფერი იყო...

     * * *

    დიდი გზა მოეტოვებინა უკან სუმას,თუმცა ნაფეხურების გარდა ამაზე სხვა არაფერი მეტყველებდა,რადგან ხედი უცვლელი რჩებოდა-ქვიშა, ჰორიზონტის ხაზი და უსახური სივრცე.

    დაღამდა. კარვის გაშლა მოინდომა მოგზაურმა. სიარულისაგან დაღლილი ფეხები ძლივს შეაჩერა ჩაკეცვისაგან. წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და დახუჭა თვალები.ოცნებობდა მარილიან ზღვაზე, მის ბობოქარ ტალღებზე, სინესტის სუნზე... ნელ-ნელა იძირებოდა ფიქრთა მორევში; ძილის ბურანი დადებოდა მის გონებას და აბრუებდა. წარმოესახა საკუთარი ტომის ბელადი. მზის ნათებას გადაფარვოდა მისი ტანი, სახე კი ბნელით გადაკარგულიყო ჩრდილის სიღრმეში. ეს-ესაა ხელის გამოწვდას აპირებდა ბელადი, რომ სუმა შეხტა ძილშივე, თითქოს არ სურდა სხვისგან დახმარების მიღება.

-- ამოიგდე თავიდან, სუმა, რა გჭირს? -- ეუბნებოდა საკუთარ თავს.

    შორიდან სისინის მაგვარი ხმა მოესმა. სასოწარკვეთა აღერეკლა სახეზე მამაკაცს. პატარა ბავშვივით ცდილობდა ყურადღების გადატანას სხვა რამეზე,  რათა დაეთრგუნა ავისმომასწავებელი ხმაური. ცდილობდა აღედგინა უწინდელი ზღვის ხედი. ფირივით ატრიალებდა ერთსა და იმავე კადრს გონებაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც შავი წერტილი ჩნდებოდა, რომელიც სრულად შთანთქავდა მის წარმოსახვას და არ აძლევდა მას აღზევების საშუალებას.

   კვნესა გაისმა, რომელსაც უცნაური სიჩუმე სდევდა თან. როგორც იქნა, გაბედა სუმამ და წამოდგა ზეზე, გადასწია კარვის ფარდები და უკუნეთ სიბნელეში გახედვაც ვერ მოასწრო ისე ყელზე დანის ბასრი წვერი იგრძნო. თავის დაღწევას ცდილობდა მოგზაური, მაგრამ ამაოდ, მოწინააღმდეგის ძალა ჯაბნიდა სუმასას. უცნობმა ხელის ნელი მოძრაობით შემოატრიალებინა თავი მგზავრს. სიმწრით სავსე თვალები ჰქონდა, თითქოს სისხლით გაეჟღინთა ვინმეს მისი სხეული. მძიმე წარსულის მქონეს ჰგავდა "გზააბნეული", თუმცა არც სუმა გახლდათ ნაკლები ავაზაკი.

    უცებ, მოგზაურმა უცნობს ხელზე წაუჭირა, გადაუტრიალა მაჯა და ისე მოხერხებულად  გამოძრავდა, რომ როლები გადანაცვლდა: ახლა უკვე სუმას ეჭირა დანა ხელთ და სწორედ იგი უპირებდა უცნობს ყელის გამოჭრას. მოულოდნელი სტუმარი ძალით თუ ჯაბნიდა, მგზავრმა გამჭრიახობით დაიძვრინა თავი.

-- ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? -- ჰკითხა მგზავრმა.

-- ჰაჰაჰა -- დაღრეჯით გაიცინა უცნობმა. საშინელი ღიმილი ჰქონდა, მზაკვრული.

-- ვინ ხარ-მეთქი! -- სუმა აღარ ხუმრობდა.

-- რატომ გადარდებს ვინ ვარ? იქნებ ღმერთის მიერ შენთვის მოვლენილი სასჯელი ვარ? -- თქვა თუ არა, მაშინვე განაგრძო უღიმღამო ხარხარი. აშკარა იყო არ ეშინოდა, ბედს ცდიდა.

-- დამღალე უკვე. ყელს გამოგჭრი, იცოდე, თუ არ მეტყვი რისთვის ხარ მოსული. არ გეგონოს, რომ არ ვასრულებ დანაპირებს. -- თავისი ნათქვამის გასამართლებლად კი ფეხზე უცებ გამოჰკრა დანა და ხელის სწრაფი მოძრაობით ისევ დაუბრუნა იგი უწინდელ ადგილმდებარეობას.

 -- ახლაც არ გჯერა? -- აწ უკვე სუმა იღიმოდა ამპარტავნულად, თითქოს ფიქრობდა, ხომ დავარწმუნე ჩემს სიძლიერეშიო.

-- სსსსსს -- ამბობდა უცნობი და თან ნაჭრილობევს შესცქეროდა სიმწრით. -- გზად მოვდიოდი მშიერი და შენი კარავი, რომ დავინახე, ვიფიქრე გექნებოდა საჭმელი.

-- და მხოლოდ ესაა მიზეზი შენი მოსვლისა?--  იმედგაცრუებული შესცქეროდა იგი უცნობს. -- ამისთვის მიპირებდი მე, უდანაშაულო ადამიანს, ხელის ერთი მოსმით  მოკვლას?აჰ, აჰ, არ გეკადრება ასეთი რამ. -- თქვა თუ არა თვალის დახამხამების გარეშე გაუსვა დანის ბასრი წვერი ყელზე და დაალევინა სული. არც განიცდიდა, პირიქით, თითქოს ბოლომდე ვერ ესიამოვნა ამ პროცესით.

   უცნობმა ბოლო ჰაერი ამოუშვა ბაგეებიდან და გაშრა...

   სრული სიმშვიდით დაბრუნდა სუმა კარავში, ისევ ამოიდო თავქვეშ ხელები და განაგრძო მშვენიერი ზღვის ხედით ტკბობა. გვამი გარეთ დაეტოვებინა თვითონ კი ჩასძინებოდა ტკბილად, უდარდელად.

   ნელ-ნელა გათენებას აპირებდა უკვე, რომ ისევ ბელადი წარმოუდგა თვალწინ:

-- დაგვიბრუნდი სუმა... რატომ ჩამოგვშორდი?-- ყველაფერი ისე ცხადად ესახებოდა, რომ შიშის გრძნობამ შეიპყრო, გულის ცემა აუჩქარდა. ბელადი არ ჩანდა ამჯერად მხიარული, თუმცა მის სახის ნაკვთებს უწინდებურად ვერ გაარჩევდით, რომ შეგეხედათ. კანკალმა აიტანა სუმა, ფეხის კუნთები აღარ ემორჩილებოდა, თუმცა რაღაცნაირად შეძლო მოგზაურმა და გამოიღვიძა. ღაწვებს იხოკავდა, ლოყაზე ხელს ირტყამდა:

-- ეს ცხადად არ ხდება, მხოლოდ ილუზიაა. ეს ცხადად არ ხდება, მხოლოდ ილუზიაა...-- იმეორებდა წამდაუწუმ.

* * *

   ასნი იყვნენ ტომში და ერთი ბელადი ჰყავდათ... თუმცა ერთი მათგანი სხვა გზას დაადგა, გადაიკარგა...

* * *

    ცოტა გონზე მოსვლის შემდეგ გაუდგა გზას მშიერ-მწყურვალი სუმა. მათარა მოიყუდა  პირთან, თუმცა როცა სისველე ვერ იგრძნეს მისმა დაწაფებულმა ტუჩებმა, გადმოაყირავა სასმისის "შემნახველი" იმ იმედით რომ რაიმე მაინც გადმოიღვრებოდა, თუმცა ამაოდ...

   სხეულს არ მიეწოდებოდა არც სითხე, არც საკვები და საბოლოოდ ორგანიზმში შესასვლელმა ჰაერმაც ნელ-ნელა იწყო კლება. წამოწოლილიყო მგზავრი მკვლელ უდაბნოში, გადაეშალა კიდურები და პირღია ცდილობდა შეეგრძნო თავისი ადამიანური ყოფის უკანასკნელი წუთები. თვალებში ქვიშა ჩასცვენოდა, მაგრამ არ წყვეტდა ხამხამს, რადგან სურდა საბოლოოდ აღებეჭდა თავისი მკვლელის "სილუეტი".

   წარწყმედილიყო უსასოოდ... თანაც არ ანებებდა თავს უსასრულო ფიქრები.

   სიკვდილის პირას მყოფი, განწირული ადამიანი გამოსარჩევი ფენომენია. ასეთ სიტუაციაში ურჯულოსაც შეუძლია მცირე რწმენა იპოვოს საკუთარ თავში...

   როცა მოვიდა ჟამი აღსასრულისა,იგრძნო რაღაც, რაც არ ასვენებდა; გონებამაც იწყო მოგონებების თვალწინ ასახვა. არ წყდებოდა კადრები. აქაც კი თავის არიდებას ცდილობდა მუდამ უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი სუმა, თუმცა მხოლოდ ერთი განსხვავება ჩანდა: არ სიამოვნებდა მოგზაურს თავისი წარსულის ყურება, ტკივილს ანიჭებდა ყოველივე ესე.  ახლა, მხოლოდ ახლა, იაზრებდა მგზავრი თავის სისასტიკეს სხვების მიმართ. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ პირგამომშრალი, უწყლო ორგანიზმი ცრემლებს ღვრიდა. დიახ,სუმა ტიროდა.

-- წამიყვანე... წამიყვანე... არ ვარ ღირსი ამ ცხოვრებისა...-- ბუტბუტებდა თავისთვის ძალაგამოლეული.

   ნანობდა, სინდისი ქენჯნიდა...

* * *

   მზე უწინდებურად მხურვალე იყო, ქვიშის ზვინებიც არ აპირებდა ჰორიზონტიდან გაქრობას. მხოლოდ ერთი კაცი იწვა ქვიშაში ჩაფლული და საცაა დალევდა სულს...

* * *

 სწორედ მაშინ როცა გულში ნამდვილი გრძნობა ისადგურებს, იწმინდება სულიც.

 ბოლო ამოსუნთქვაღა დარჩენოდა სუმას, როცა სასწაული მოხდა. მზის გამჭოლმა სხივმა მოაღწია თითქოს მიწამდის, თუმცა თვალის დახამხამებაში გაქრა ყოველივე.

   უცებ, დრო გადაირია თითქოს,მზის საათის ჩრდილმა მალ-მალე იწყო მონაცვლეობა, გაგიჟდა დედაბუნება, დაუოკებელი გახდა. ამოვარდა ქარი, წაიღო ყველაფერი რისი აწევაც შეეძლო. წარღვნა მეორდებოდა.

   საბოლოოდ, ჩაწყნარდა ყოველივე და ჩადგა თავის კალაპოტში.

   შორიდან მომავალი შავი წერტილი თანდათან დიდდებოდა და უახლოვდებოდა სუმას, უკვე გონზე მოსულს.

   I I.

  " რა გადამხდა თავს?! რატომ ვარ ცოცხალი?! როგორ შემიძლია ჯერ კიდევ თვალის გასწორება ამ სანახაობისთვის, როცა ცოტა ხნის წინ სასუნთქი ჰაერიც კი არ მყოფნიდა?!

   არ ვიცი, არ ვიცი არ ვიცი... რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს, განახლებულად,თუმცა კარგია თუ არა ეს, ესეც კი არ ვიცი. თითქოს ათასი აზრი მომდის გონებაში, მაგრამ არც ერთი არ ჩერდება ჩემთან იმისათვის, რათა ჰპოვოს დროებითი ნავსაყუდელი. შესაძლებელია კი ასეთი რამ?!

   ვკანკალებ, მაჟრჟოლებს მთელ სხეულზე... რა მომელის ნეტავ... განა აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას თუ ისევ აქ დავლევ სულს, ამ სიბნელეში ჩამთრევ კრატერში, რომელიც უფრო და უფრო მძირავს?! ალბათ აქვს... ესეც არ ვიცი... მაშინღა რისთვის გადავრჩი?!

   ვცდი წამოდგომას და თუ დავაძალებ საკუთარ თავს გამომივა..."

* * *

  შავი წერტილი ადამიანი ყოფილიყო, რომელიც მოახლოებოდა სუმას. თავს დაადგა უცნობი მგზავრს და ხელი გაუწოდა. ჯერ ბოლომდე თვალები არ ჰქონდა გახელილი "მეორედ დაბადებულს" რომ უცებ მის წინაშე უცნაურად შემოსილი კაცი წარდგა. დაიბნა სუმა, თუმცა ძალა არ შესწევდა წამოდგომისა და ამიტომ მიიღო დახმარების ხელი.

   უცნობი უთქმელი იყო, ლაკონიურად საუბრობდა, რამდენიმე ფრაზას იტყოდა და გაჩერდებოდა. მგზავრს არ დავიწყებოდა ცარიელი სტომაქი, თუმცა ვერც ეკითხებოდა მის წინაშე წარმდგარს, საჭმელი ხომ არ გაქვთო. შორიდან მოსული კი თითქოს თავისით მიუხვდა:

-- გშია?-- ჰკითხა.

მგზავრი თავის ნელი მოძრაობით დაეთანხმა.

-- აიღე ეს პური და სჭამე, ღვინო კი მოსვი, გეამება.

-- მადლობა, ბატონო ...-- აქ კი გაშრა სუმა. დავიწყებოდა რომ კაცის სახელი სულაც არ უკითხავს . უხერხულად გამოუვიდა ყოველივე ესე.

-- მალახ, ასე მქვია და ბატონოს გარეშე, თუ შეიძლება.-- თბილად ჩაუღიმა უცნობმა.

   სუმა განცვიფრდა.მას არასოდეს ენახა გულწრფელი ღიმილი, ისეთი, რომელიც გულს გაგილღობდა. ახლა კი... ახლა კი... ენა ჩაუვარდა.

   მოსვა მოგზაურმა მისთვის შეთავაზებული ღვინო და მოკბიჩა პური. ესიამოვნა, მართლაც. ახალი ადამიანი გამხდარიყო თითქოს. თვალები დახუჭა სუმამ, რათა ბოლომდე ჩავარდნილიყო ამ სასწაულებრივ ტრანსში.პატარ-პატარა ლუკმებს ყლაპავდა, რომ სიამოვნება უფრო გაეხანგრძლივებინა.

   უსუსურ ბავშვს ჰგავდა, რომელმაც არ იცის ამქვეყნად რა სურს. ცარიელი ფურცელივით იყო...

-- გეტყობა, დიდი ხანია რაც აქ ხარ. გზას ვერ გააგნე? -- ჰკითხა მალახმა.

 სუმა ისე გემრიელად ილუკმებოდა, რომ მისმა ყურთასმენამ გამოტოვა ყოველივე თქმული.

-- დაგეხმარო აქედან თავის დაღწევაში?

ახლაღა გაიგო მგზავრმა მისი მშველელის მიერ წარმოთქმული ფრაზა და თავი დაუქნია მოწაფესავით, რათა დათანხმებოდა.

-- მაშინ წამოდი, ახლავე უნდა დავიძრათ, თორემ ზეგამდე ვერ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე.

  დაადგნენ აღმავლისკენ მიმავალ გზას.

* * *

   ღამე იყო. გრილი სიოსავით ელამუნებოდა რაღაც სახეზე სუმას. ვერ ისვენებდა მგზავრი: ხან მარჯვენა მხარს აწვებოდა, ხანაც მარცხენას, თუმცა ძილს მაინც ვერ ახერხებდა. წამოჯდა, მალახს გახედა- არ გამოძრავებულა.

   ცაზე ერთადერთი ვარსკვლავი კაშკაშებდა. თვალი მასზე გაუშტერდა მოგზაურს.

   მწუხრისას ადამიანებს ხშირად უნდებათ ხოლმე ციური სხეულების ნახვა. თითქოს მათთან "ურთიერთობა" მრავალგზის ამოუხსნელი ამოცანის პასუხს აძლევდეს.

   გაშეშებულმა სუმამ,ვერც შეამჩნია როგორ გაიღვიძა მალახმა.

-- რთული დღე გველის. გირჩევ დაიძინო.-- ოდნავ ხრინწიანი ხმით უთხრა გზამკვლევმა.

-- ვერ ვიძინებ, რაღაც არ მასვენებს. უსაფუძვლოდ ვტრიალებ და გონებაში აურზაური მაქვს. მგონი აღარ ვარ ის ვინც ვიყავი...

-- ნანობ?

-- რას? ცვლილებას?-- გაკვირვებული სახით უჭვრეტდა სუმა.-- სანამ დრო არ გავა, ვერ გავიგებ.

 ჩაფიქრიანდა მალახი, გეგონებოდა, სამყაროს საიდუმლოება გაიგოო.

* * *

   ვინ იცის რამდენ ადამიანს დაუდგამს უდაბნოს ქვიშაზე ფეხი; რამდენს უნატრია წამით ჩიტი გამხდარიყო რომ გადაეფრინა ეს უსასრულო ლაბირინთი...

  იქნებ ყველას გაგვივლია მანდ და არ გვახსოვს?!

  მიატოპებდნენ სუმა და მალახი. მწველი მზე დაღავდა მიმავალებს, თუმცა მოთმინება, აი რა ამოძრავებდა მათ, მოთმინება, შემდეგ, მიზნის მიღწევისას, კი დასვენება.

-- ცოტაც დაგვრჩა-- თავისი თბილი ღიმილით გახედა მგზავრს მალახმა.

-- ერთ კითხვას დაგისვამ, თუ შეუფერებელია, შეგიძლია არ მიპასუხო...-- დაამატა მოგვიანებით ცნობისმოყვარემ.

-- კარგით-- შიშნარევი გაკვირვებით უპასუხა სუმამ, რადგან არ იცოდა რა მოელოდა.

-- საიდან გაჩნდი აქ? რა მიზეზით?

 ნერწყვი გადაყლაპა, ჩაისუნთქა და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო საუბარი, თანაც შიგადაშიგ ხან თვალებში უყურებდა მალახს, ხანაც ქვიშას გახედავდა ალმაცერად.

-- სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი როგორ მივედი ამ სიტუაციამდე. ჩემს თანატომელებთან ერთად ვირჯებოდი. ყოველდღე პროგრესს განვიცდიდი, შემდეგ კი თითქოს დამაბრმავა ამან. ყველა კარგად მექცეოდა, მათ შორის ბელადიც, მაგრამ ეს არ მყოფნიდა. ამპარტავნებამ შემიპყრო...-- აუკანკალდა ხმა-- საკუთარ მშობლებსაც კი განვუდექი. ყოველდღე გულს ვტკენდი ჩემი საქციელით. ხან ვქურდობდი ... და სხვას ვაბრალებდი, ხანაც კი ...ჩემს ძალას ვიყენებდი უმიზეზოდ, რომ წამიერი სიამოვნება მიმეღო...ადამიანიც კი... მოვვვ...კალი...-- ტიროდა -- ბოლოს კი გავირიყე და განვიზრახე წამოსვლა... არ ვიცოდი მიმართულება, არც საგზალი მქონდა ბევრი. ვიარე დღედაღამ და აქ აღმოვჩნდი. უკვე აღარც კი მახსოვს საიდან მოვედი...

  შეაჩერეს სვლა. მალახს თითქოს წამითაც არ გაკვირვებია სუმას ისტორია. წარბიც კი არ შეუტოკავს, მხოლოდ ხელი დაადო მომტირალს სანუგეშებლად.

   მალევე გაუდგნენ ისევ გასასვლელისკენ გზის ძიებას, თუმცა ახლა დუმდნენ. ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.

* * *

-- 15 წუთის სავალიღა დაგვრჩა, მანამდე კი უნდა გაგაფრთხილო. როცა გადავლახავთ უდაბნოს ორი გზა დაგვხვდება, იქიდან ერთი უნდა ამოირჩიო და გაუყვე მას ბოლომდე. მე ვერ წამოგყვები, უდაბნოს იქით არ მივდივარ, აქ მყოფ დავრდომილ ადამიანებს ვეხმარები.-- მშვიდად უთხრა მალახმა.

-- გზას? როგორ? საიდან უნდა ვიცოდე რომელია სწორი?-- შეშინებული ჩანდა სუმა.

-- სწორი გზა არ არსებობს. შენთვის სწორი, შეიძლება სხვისთვის იყოს არასწორი. მოუსმინე საკუთარ თავს და მიხვალ იქ სადაც შენ გულს სურს.

   ამ სიტყვებმა უფრო დააბნია მგზავრი, თუმცა ვერ გაბედა რამის თქმა.

   საიდან იცოდა მოგზაურმა თუ სად უნდოდა მის გულს ყოფნა?! რა უნდა ექნა ახლა?!

   შიშში გაატარა სუმამ გზის დარჩენილი ნაწილი. ბელადის წარმოსახვა გახსენებოდა. ეუბნებოდა იგი წამოდი, რად ჩამოგვრჩიო, მაგრამ რას მისცემდა ეს ინფორმაცია სუმას?!

   ისე ნერვიულობდა რომ ვერც კი შეამჩნია როდის შეიცვალა ხედი. მალახმა ხელით შეაჩერა იგი.

   სუმა გაოცებული დარჩა. გულის ცემა აუჩქარდა ჭაბუკს. სახლი გაახსენდა. ღიმილი წარმოესახა სახეზე. თვალები არ შორდებოდა სანახაობას.

   უცებ, გასწია მგზავრმა მალახის ხელი და სვლა იწყო, მარჯვენა გზა აერჩია. კიდურები თავისით მიდიოდნენ, თვალებს კი არ ავიწყდებოდათ სასწაულებრივი პეიზაჟის ცქერა. რამ გააბრუა ნეტავ სუმა?!

   მალახმა მხოლოდ გაიღიმა და შეტოპა ჩამთრევ უდაბნოში.

   სცოდნია თურმე გულს გზა...

* * *

   ბელადი იჯდა გარეთ. გაჰყურებდა ცას და ფიქრობდა. დღე ისე არ გადიოდა, სუმას სახე რომ არ წარმოსახვოდა თვალწინ. განიცდიდა, თუმცა ვერას სჩადიოდა, ეძება, მაგრამ ვერღარა ნახა რა. ახლა კი, გაბრუებული იჯდა, ჩვენება ჰქონოდა წინა ღამით, რომელსაც ვერ უმხელდა ვერავის.

ამხედრდა ცხენზე სევდამორეული და ტომის საზღვრებს იქით გასვლას ლამობდა. თვალები აცრემლიანებოდა, ხედვაში უშლიდა ხელს.

   უცებ, შორიდან მომავალი ადამიანი დაინახა, დაუძლურებული, დაჩაჩანაკებული. მოიწმინდა თვალებიდან გადმოღვრილი წვეთები და გაექანა უცნობის დასახმარებლად.

   მიაქროლებდა ქარის სისწრაფით ულაყს, არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, მისთვის მთავარი ადამიანის გადარჩენა იყო. როცა საკმარისად ახლოს მივიდა, ეცნო სახე. თვალები მოისრისა ისევ, რომ მართლაც დარწმუნებულიყო სიცხადეში. არა, არ ეჩვენებოდა! სუმა იყო მის წინაშე!

   გზით გადაღლილს ფეხები ჩაეკეცა, თუმცა ბელადმა მალევე მიუსწრო,ვითა მამა  ნამდვილი ისე გადაეხვია.

--  სად იყავი? სად?-- ცრემლები არ შორდებოდა ისედაც დასველებულ სახეს.

     I I I.

  "და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით".

 

ანა პაპავა

23.10.2022


Comments

Popular posts from this blog

გონის გონება

და მე აღვდექი...

მე ვარ ხე